კობახიძე: ჟენევის ფორმატი ჟენევაში დარჩება
08/11/2024 13:37:25 პოლიტიკა
ჟენევის ფორმატი ჟენევაში დარჩება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მინსკში შესაძლო გადატანაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"ჟენევის ფორმატი დარჩება ჟენევაში, ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ", - თქვა პრემიერმა.
რუსეთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილის შეცვლას კვლავ მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა უწყებამ დისკუსიების 62-ე რაუნდის შემდეგ გაავრცელა.
"რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა თბილისიდან მომდინარე შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ სიბრტყეზე გადაყვანის მნიშვნელობაზე", – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მოსკოვი ასეთ კონკრეტულ ნაბიჯებად კვლავ მიიჩნევს მის მიერ ოკუპირებული რეგიონებს – აფხაზეთისა და ცხინვალის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულების აღებას და მათთან "სახელმწიფო საზღვრების“ დელიმიტაციას.
რუსეთს და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებს წლებია, ეს მოთხოვნები აქვთ. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ის კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარებას აპირებს, სახელმწიფო საზღვარი კი რუსეთთან გადის და არა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.
"ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებმა დაადასტურეს ამ ფორმატისადმი საერთო ერთგულება. რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კვლავ დასვეს ჟენევის დისკუსიების რეგულარული რაუნდების სხვა, ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილზე გადატანის საკითხი", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთი მიიჩნევს, რომ შვეიცარიამ ნეიტრალური სტატუსი მას შემდეგ დაკარგა, რაც შეუერთდა უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
დისკუსიების 62-ე რაუნდზე რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.
ჟენევაში 5-6 ნოემბერს გამართული მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა:
„2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. მოლაპარაკების რაუნდში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.
მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებებზე.
სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს“.
ცნობისთვის: შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდი, რომელშიც პირველად მონაწილეობდა ახალი თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან მაგდალენა გრონო, 5-6 ნოემბერს გაიმართა. ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო 2024 წლის ივლისში დაინიშნა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის მოგვარების საკითხებში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს . ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).


