საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი – პაპუაშვილს: ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის სასაფლაოა
11/11/2024 08:15:55 პოლიტიკა
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი "ძალზე გულდასაწყვეტს" უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალავ პაპუაშვილის უარს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე.
„გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ "მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე". ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ,“ - ამის შესახებ პეტმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი განუცხადა. იგი რიგ ევროპელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში "არეულობის დათესვაში" ადანაშაულებს.
ცნობისთვის: თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.


