არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ: "მათი ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ შექმნილია კრიზისული მდგომარეობა"
11/11/2024 11:40:23 პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
როგორც აუდიენციის დასრულების შემდეგ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, დელეგაციის "ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ შექმნილია კრიზისული მდგომარეობა"
"მათი ვიზიტი არის, პირველ რიგში, მთავარი მესიჯი. ასეთი ვიზიტები არ ხდება ჩვეულებრივ, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია არ არის. ეს ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილია კრიზისული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია იმ არჩევნებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ეს არჩევნები ბევრი პრობლემით ხასიათდებოდა, მათ შორის არის ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური პრობლემა, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე ამ არჩევნებს კანონიერად ვერ თვლის იმიტომ, რომ კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა იყოს აუცილებლად ფარული", – განაცხადა მან.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ნინო დოლიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უცხოელ პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე.
"ასეთი ძალიან მაღალი დონის ვიზიტი აჩვენებს ინტერესს იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპელებს, რომლებსაც სურთ მუდამ ჩვენ გვერდით დგომა, უნდათ, რომ უფრო მეტად იცოდნენ, რა მოხდა არჩევნების დროს. შესაბამისად, საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემები, რამაც არჩევნებზე გავლენა იქონია. ყველა ჩვენ-ჩვენი დაკვირვების შედეგები მივაწოდეთ და ნიშანდობლივია ის, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა სერიოზული დარღვევები იყო ამ არჩევნებზე და ამან, როგორ იქონია გავლენა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
ცნობისთვის: ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა.


