Accentnews.ge
პრემიერი – ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციაზე: ამ ვიზიტის სულისკვეთება არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

პრემიერი – ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციაზე: ამ ვიზიტის სულისკვეთება არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

11/11/2024 12:12:06 პოლიტიკა

საქართვე,ლოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის საქართველოში "ვიზიტის სულისკვეთება არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს".

"ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთ მარტივი მიზეზის გამო: ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან ჩვენ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, თავად ხედავთ რაშიც არის საქმე და ამას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი. ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ იყვნენ ჩართულები საარჩევნო აგიტაციაში და არ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, თუმცა ყველა შემთხვევაში ამ ვიზიტის სულისკვეთება არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ ჰქონდათ საუბარი, მათ შორის პრეს–კონფერენციაზე, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. რეალურად ამაზე ჰქონდათ საუბარი და ეს არ არის ის დამოკიდებულება , რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვენის მიმართ", – განაცხადა მან.

ცნობისთვის: ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი – ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოში იმყოფება, როგორც როგორც ქართველი ხალხის მეგობარი და არა იმისთვის, რომ ბიძგი მისცენ რეჟიმის ცვლილებას".

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S