კობახიძე – აქციაში ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის წევრების მონაწილეობაზე: "ეს თავისთავად არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულება"
11/11/2024 12:23:45 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დღეს თბილისში დაანონსებულ საპროტესტო აქციას ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციაც შეუერთდება.
მისი შეფასებით, "ეს ფაქტი თავისთავად არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენა".
"რაც შეეხება აქციას, ყოველდღიურად ადამიანების რაღაც რაოდენობა იკრიბება, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება, ხოლო [აქციაში ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის წევრების მონაწილეობა] თავისთავად არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენა. თუმცა ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება, პირიქით, ეს რეალურად საჩუქარია ხელისუფლებისთვის, მმართველი გუნდისთვის. ეს არის ისეთივე საჩუქარი, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას", –განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი – ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა.
დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია - "ჩვენ ვართ ევროპა" გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.


