როთი: ევროპის მომავალი საქართველოშიც გადაწყდება
11/11/2024 12:58:36 პოლიტიკა
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებაზე, ასევე საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როთი ხაზს უსვამს, რომ ევროპის მომავალი საქართველოშიც წყდება და რომ ევროკავშირმა არ უნდა აარიდოს თვალი, როდესაც კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიას შეურაცხყოფენ.
„ხშირად მეკითხებიან, რატომ ვმოგზაურობთ ისევ საქართველოში? იმიტომ, რომ ევროპის მომავალი აქაც გადაწყდება: რუსული იმპერიალიზმი კიდევ ერთ ახალგაზრდა დემოკრატიას გაანადგურებს თუ თავისუფლება და სუვერენიტეტი გაიმარჯვებს. ევროკავშირმა არ უნდა აარიდოს თვალი, როდესაც კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიას შეურაცხყოფენ“, - წერს როთი X-ზე.
მანამდე ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე:
"სრულად მესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს, განსაკუთრებით თქვენს ქვეყანაში - თქვენი ტერიტორიების 20% რუსული ოკუპაციის ქვეშაა. დიდი იმედგაცრუებაა. ჩვენ ევროპაში - გერმანელებმა, ფრანგებმა და ყველამ თვალი დავხუჭეთ 2008 წელს, შორს ვიყავით, როგორც მეგობრები და მოკავშირეები. მაგრამ ვეცადეთ, ჩვენს შეცდომებზე გვესწავლა. ამიტომ, ცოტათი მოთმინებით უნდა მოგვეკიდოთ - ზოგჯერ დრო სჭირდება, რომ შემოტრიალების წერტილს მივაღწიოთ. გერმანიაში ამას წყალგამყოფ მომენტს ვეძახით. ზოგჯერ ამას დრო სჭირდება. ჩვენ თქვენი საზოგადოების შეშფოთებები სერიოზულად უნდა მივიღოთ. ომი გახლავთ სრული კატასროფა და ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ კოალიცია "გლობალური ომის პარტიის" - რუსეთის წინააღმდეგ. ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რატომაც ვიმყოფებით აქ და მოგესალმებით, თუ შემოგვიერთდნებით. ჩემთვის, გერმანელისთვის ძალიან ძნელია, ამას ხაზი გავუსვა, რადგან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, რომ მეგვესმინა ჩვენი მეგობრებისთვის ბალტიის პირეთში, პოლონეთში, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია უკეთესი იქნებოდა - მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებელია, დემოკრატიაც. უცნაურია, რომ გერმანელი გიგზავნით ამ გზავნილს თქვენ. თვითკრიტიკა, თვითგააზრება მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტიკური სანდოობის. თუ გსურთ, აღიდგინოთ ნდობა, უნდა გაიაზროთ საკუთარი გადაწყვეტილებები. უნდა უსმინოთ ყურადღებით საკუთარ მეგობრებს. ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ერთმანეთს ძალიან ყურადღებით ვუსმენთ".
საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია იმყოფება, მათ შორის გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. მათ პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები. როგორც ითქვა, ჰქონდათ სურვილი ქართველ კოლეგებს შეხვედროდნენ სახელისუფლებო გუნდიდან, თუმცა უარი მიიღეს.


