ჯაფარიძე: შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება
12/11/2024 09:44:29 პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები მომავალი დღეების სამოქმედო გეგმასა და ახალი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.
„ჩვენი მეგობრებისგან იყო იდეა, რომ შეიქმნას ფორმატი, რომელიც მათ კომუნიკაციას ჩვენთან გაამარტივებს, რომ ადვილად გაიგონ ოპოზიციის ხედვებთან დაკავშირებული საკითხები. ახლაც მიმდინარეობს პროტესტთან დაკავშირებით მსჯელობაც და თუ რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებას აუცილებლად გავაგებინებთ. ამ ქვეყანაში სანამ იქნება ავტოკრატიული ხელისუფლება და დავშორდებით დემოკრატიულ პრინციპებს, შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
დღეს „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
ცნობისთვის: 11 ნოემბერს თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობდა. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ. ევროპელი დეპუტატები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი – ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი ისინი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა.
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ შედეგი განაცხადა:
"სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას ამ სერიოზული ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასთან დაკავშირებით. თუ დამოუკიდებელ ქართულ გამოძიებას არ შეუძლია უზრუნველყოს, საერთაშორისო ორგანოებმა, როგორიცაა ევროპის კავშირი, ეუთო და ევროკავშირი, უნდა ჩაერთონ. ამ ბრალდებების დაზუსტების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად. თუკი ეს ბრალდებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვუწოდებთ ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ მათ წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებსა და ამომრჩევლების დაშინებაზე. დემოკრატიამ და ანგარიშვალდებულებამ ხელიხელჩაკიდებული უნდა იარონ და ისინი, ვინც ძირს უთხრიან ამ პრინციპებს შედეგების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ.
ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. ვიცი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ასევე ჩვენთვის. მაგრამ ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ჩვენ მაგიდაზე ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ, რაც ხელთ გვაქვს. მტკიცედ ვუდგავართ ქართველ ხალხს გვერდით ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულებაში. თუმცა, თუკი ამჟამინდელი მთავრობა განაგრძობს ანტიევროპულ ტრაექტორიას, არ გააუქმებს კანონებს, როგორიცაა რუსული „აგენტების კანონი“ და გააგრძელებს ევროკავშირის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან“.
საქართველოს პრემიერ– მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თაობაზე "სპეკულაციებს" უწოდებს.
იგი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომის დასრულების შემდეგ დასრულდება "ასეთი ტიპის სპეკულაციები".
"ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით სამ მოვლენას - ერთი, ეს იყო არჩევნები საქართველოში, მეორე იყო არჩევნები აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში. ორი არჩევნები უკვე დასრულდა და დასრულდა ისე, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, რაც შეეხება მესამე თემას, უკრაინაში ომის დასრულებას, ვფიქრობთ, რომ ომიც დასრულდება ძალიან მალე. შესაბამისად, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით და ამის შემდეგ დასრულდება ისეთი ტიპის სპეკულაციები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე გნებავთ კანონებთან, გნებავთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ძალიან კარგად განვითარდება პროცესები, განსაკუთრებით ეს იქნება დაკავშირებული უკრაინაში ომის დასრულებასთან “, - განაცხადა პრემიერმა.


