ოპოზიცია – ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის თაობაზე კობახიძის განცხადებაზე: ნებისმიერ რამეს ველოდებით მათგან
12/11/2024 09:52:56 პოლიტიკა
ოპოზიციაში ეხმიანებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის თაობაზე.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის რესურსი მმართველ გუნდს არ აქვს.
„ამ თვითმარქვია ირაკლი კობახიძეს ვეუბნები - რამდენ ხანს უნდა იტყუო შე საცოდავო, შენ?! მიდი თუ მაგარი ხარ, აკრძალე ოპოზიცია. აკრძალოს, რამდენ ხანს უნდა იბაქიბუქო? მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ? მაგ თვითმარქვიას. მიდი, ამკრძალე, ირაკლი კობახიძეს ვეუბნები! მიდი თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე და თუ ვერ ამკრძალავ და ვერაფერს მიზამ, მაშინ ენა დაადუმე შე თვითმარქვია უბედურო!“, - განაცხადა ვაშაძემ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნებისგან" ნებისმიერ ნაბიჯს ელოდება.
"ნებისმიერ რამეს ველოდებით მათგან. ეს ყველაფერი კომიკურად ჟღერს ხოლმე, მაგრამ მერე ვნახულობთ, რომ რეალობაში ბევრ სიგიჟეებს აკეთებენ. ამიტომ მოლოდინი გვაქვს ნებისმიერი, - განაცხადა მან.
ექს–პრემიერ გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადება "არასერიოზულია".
"ამ განცხადებამ გამახსენა ერთი ძველი ანდაზა: „კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“. ვფიქრობ, რომ ის სწორედ ამ შინაარსით ცდილობს ახლა კიდევ ერთხელ თავის გამართლებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ისევ და ისევ იმ საცოდავ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომელიც კონკრეტულად მას გააჩნია ისევე, როგორც „ოცნებას“. არასერიოზულია სერიოზული კომენტარი ამაზე", - ამბობს აქუბარდია.
- რა თქვა პრემიერ–მინისტრმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღოს.
„ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ ამის რესურსი ნაკლებად აქვთ, შესაბამისად, მე მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან. შესაბამის ინსტრუქციებსაც მიღებენ და არ ვიცი სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდები8ან პარლამენტში სკამებზე. აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი. თუმცა მერე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, შეიძლება, ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის", - განაცხადა 11 ნოემბერს კობახიძემ.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში "ქართული ოცნების" ერთ–ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და აკრძალვა იყო. აღნიშნულის განცხადების გამო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას როგორც ოპონენტები, ისე დასავლელი ლიდერები აკრიტიკებდნენ.
- რა წერია კანონში
კონსტიტუციის თანახმად, „პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით".
საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
- ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
- ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
- რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
- ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.


