Accentnews.ge
კობახიძე: გვჯერა, შავი ზღვის კაბელები, ასევე საბორნე მიმოსვლა, უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაში

კობახიძე: გვჯერა, შავი ზღვის კაბელები, ასევე საბორნე მიმოსვლა, უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაში

12/11/2024 12:46:21 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საქართველოს ინიციატივები, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე, როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში". ამის შესახებ მან გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე (Energy: Advancing Climate Mitigation Action) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ.

„ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე, როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება, გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე, როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. შესაბამისი განცხადება მან გააკეთა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმების ფარგლებში გამართულ რიგით მე-9 მინისტერიალზე, რომელსაც ბაქომ უმასპინძლა.

"პროცესისთვის განსაკუთრებით წამახალისებელია მწვანე ელექტროენერგიის და წყალბადის ინფრასტრუქტურის შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ადრეული შედეგები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს საზღვრებში სუფთა ენერგიის გადაცემის გაფართოების შემდგომ ნაბიჯებს. ამ ძალისხმევის საკვანძო ეტაპია ახალი ერთობლივი საწარმო, რომელიც ემსახურება განახლებადი ენერგიის პროექტების წინსვლას მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში. ეს პარტნიორობა წაახალისებს ინოვაციებს და დააჩქარებს სუფთა ენერგიის გადაწყვეტილებების მიწოდებას რეგიონში. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. ამ ინფრასტრუქტურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა და მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. ეს პროექტი ცენტრალურ როლს შეასრულებს ჩვენი ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციასა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებაში“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობის მონაწილეობას, ხაზი გაუსვეს მათ ინტერესს პროექტის მიმართ და ჩართულობის პოტენციალს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდგომ პერიოდში. მინისტერიალის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ აუცილებელი პროცედურები შეთანხმებაში ბულგარეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბულგარული მხარის ინტერესისა და წინა მინისტერიალების გადაწყვეტილებების საფუძველზე. მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იყო პროგნოზები, წარმოების პოტენციალის ანგარიში, ტექნოლოგიის მიმოხილვა და ინტერკონექტორების ტექნიკურ-ეკონომიკური პოტენციალი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, რუმინეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრები, უნგრეთის სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ენერგეტიკული პოლიტიკის დირექტორი და მოწვეული სტუმრები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელი პირები. ლევან დავითაშვილთან ერთად ბაქოში ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S