ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს
12/11/2024 16:07:31 პოლიტიკა
„ძლიერი საქართველოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე! დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული !
ცხადია, “ოცნების” პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე”, - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ამავე საქმის ფარგლებში გამოჰკითხეს, მათ შორის კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. სამივე მათგანი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


