Accentnews.ge
მეზვრიშვილი: "როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას"

მეზვრიშვილი: "როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას"

12/11/2024 16:14:41 პოლიტიკა

პარტიის “გახარია – საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, რატომ არ მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

ნათია მეზვრიშვილმა სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას “იურიდიული ნონსენსი” უწოდა.

“არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას. კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ”, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S