გვარამია: ყოველი შემდეგი დღე კიდევ უფრო მიმწოლი იქნება და ჩვენ არ ვაპირებთ, ეს ხალხი პარლამენტში შევუშვათ
12/11/2024 18:57:20 პოლიტიკა
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა ძალიან ფართოდ გაშლილი იქნება.
"პარლამენტის შეკრებას არ განვიხილავ, როგორც რეალისტურ სცენარს. პირდაპირ გეტყვით, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა იქნება ძალიან ფართოდ გაშლილი. ყოველი შემდეგი დღე კიდევ უფრო მიმწოლი იქნება და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევუშვათ. ცესკოს მუშაობის გამარტივებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ, რომ წავართვათ ის, რაც ჩვენ წაგვართვეს - ქართველი ხალხის ხმა“, - განაცხადა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


