ბარამიძე: 120-ე მუხლი, რომელზეც ცესკო მიუთითებს, არაფერ შუაშია, დეპუტატების უფლებამოსილების მაინც ცნობა იქნება ძალადობა კონსტიტუციაზე
13/11/2024 06:57:47 პოლიტიკა
იურისტი სანდრო ბარამიძე ეხმიანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომლის თანახმად, "მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს".
როგორც ბარამიძე აცხადებს, საარჩევნო კოდექსის მუხლი, რომელიც ცესკომ ამის დასამტკიცებლად მიუთითა მსგავს შემთხვევასთან არაფერ კავშირშია.
"საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს"-ო გვარწმუნებს ცესკო და უთითებს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლზე. "ქართული ოცნების" ნებისმიერი ბრძანების ბრმად შემსრულებელი ორგანოსგან კანონის სხვაგვარ განმარტებას არც შეიძლება ველოდეთ. არც მასთან კამათს აქვს რაიმე აზრი.
მაგრამ საქართველოს ამომრჩევლებისა და ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის ვიტყვი, რომ 120-ე მუხლი ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია. სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაცია გააუქმეო ამ წუთში ამას არ ეუბნებიან ცესკოს.
საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად: "არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ."
რამდენადაც მესმის, სწორედ ამ მუხლით ხელმძღვანელობენ ის პარტიები, რომელთა წევრებმაც დღეს უკვე თქვეს უარი არჩეულ წევრებად რეგისტრაციაზე. სხვა სიტყვებით, ცესკოს ეხლავე ეუბნებიან, მასობრივად გაყალბებული არჩევნების "საბოლოო შედეგებს" რომ გამოაცხადებ, აი იქიდან 2 დღის ვადაში “A”-ს, “B”-ს, “C”-ს და სხვებს, ვინც ცესკოს შესაბამისი წერილობითი განცხადებით მოგმართავთ, პარლამენტის არჩეულ წევრებად (არა კანდიდატებად, არამედ არჩეულ წევრებად) რეგისტრაციაში ნუ გაგვატარებ და ნურც “დროებით მოწმობას’ მოგვცემ, რადგან არ გვინდა გაყალბებული არჩევნების შედეგად ფორმირებული ე.წ. პარლამენტის წევრები ვიყოთო.
ცხადია, ვიცი, რომ ცესკო მაინც გაატარებს ამ ხალხს რეგისტრაციაში პარლამენტის არჩეულ წევრებად. მაგრამ ეს კიდევ ერთი ძალადობის აქტი იქნება, როგორც კონსტიტუციასა და კანონზე, ისე ადამიანის თავისუფალ ნებაზე.
მეტსაც გეტყვით, როცა უკანონო პარლამენტი უკანონოდ შეიკრიბება (ამის თაობაზე რამდენიმე დღით ადრე ვწერდი) და დღის წესრიგში მისი ე.წ. წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი, დიდი ალბათობით, პარლამენტსაც მიმართავს განცხადებით, რომ არ ცნოს მათი უფლებამოსილება, პარლამენტის მიერ მათი უფლებამოსილების მაინც ცნობა ასევე იქნება ძალადობა კონსტიტუციაზე, კანონზე და ამ ხალხის თავისუფალ ნებაზე.
ეს არის ჩემი, როგორც იურისტის მოსაზრება წმინდა იურიდიულ საკითხზე. ასეთივე ხასიათისაა ჩემი სხვა პოსტებიც," - წერს სანდრო ბარამიძე სოციალურ ქსელში.
12 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. მოგვიანებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.
„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


