ქეთევან თურაზაშვილი თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს
13/11/2024 11:58:49 პოლიტიკა
"ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის - თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, ჯაფარიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ის კვლავ თანამდებობაზე რჩება და საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულიც კი არ არის.
„ჩემი მამა - ალექსანდრე თურაზაშვილი, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია "მოქალაქეებს" წარმოადგენდა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და უბნების დასათვალიერებლად დადიოდა. იმის გამო, რომ მას არც ერთი პასუხისმგებელი პირი უბნებზე არ დახვდა, მიზეზის დასადგენად რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. აღნიშნულის შესახებ აცნობეს საოლქო კომისიის წევრს და „ოცნების“ პოლიტიკის ინტერესების გამტარებელ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც გაღიზიანდა ალექსანდრეს საქმიანობით, დაურეკა მას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა. მამამ დამირეკა 12:31 საათზე, მომიყვა ჯაფარიძესთან საუბრის დეტალები, ის აღელვებული იყო და აღნიშნა, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა თეონა ჯაფარიძეს, არ უპასუხა არაფერი, რასაც ეს უტიფარი ქალი იმსახურებდა. 13:17 წუთზე უკვე დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა. ჯაფარიძის ზარსა და მამას გარდაცვალებას შორის შუალედი 60 წუთზე ნაკლებია",- ამბობს თურაზაშვილი.
მისივე თქმით "ქართული ოცნება” მფარველობს თეონა ჯაფარიძეს.
"გასულ არჩევნებზე, როდესაც მსგავს ფაქტი მოხდა, მაგრამ ეჭვმიტანილი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო, ის მომხდარი ფაქტიდან 4 საათში დააკავეს. ეს არის ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი. როდესაც საქმე ეხება ოპოზიციის წარმომადგენლის გარდაცვალებას, ცდილობენ დამნაშავეს გადაეფარონ და საქმე ,,ჩაფარცხონ".
მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შსაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან, იმისთვის, რომ დავიცვათ მისგან სხვა ადამიანები, მოხდეს პრევენცია და მან ვეღარ შეძლოს სხვების დაზიანება. ასევე, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, თავხედობა, აგრესია, სიძულვილის ენის გამოყენება, უპასუხისმგებლობა და უზრდელობა” - აცხადებს ქეთი თურაზაშვილი.
როგორც საბურთალოს ოლქში, ოპოზიციის კიდევ ერთი დანიშნული წევრი, შორენა ბუხრაშვილი აცხადებს, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრეც, თეონა ჯაფარიძესთან დაკავშირებით არაერთი საჩივარი დაიწერა ოპოზიციონერების მხრიდან.
ისინი ოლქის ხელმძღვანელს მიმართავდნენ, რომ ჯაფარიძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ოპოზიციონერების მიმართ, მათ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა საჩივრებზე რეაგირება არავის მოუხდენია.
თურაზაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, სამი კვირაა რაც გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე საბურთალოს საოლქო კომისიის არც ერთი წევრი დაკითხული არ არის"
"დღეს შევხვდი გამომძიებელს, ვესაუბრე და გავეცანი საქმის მასალებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არაფერი ამ სამი კვირის განმავლობაში არ გაკეთებულა საგამოძიებო სამსახურის მხრიდან. გამოიძიონ, გამოიკვლიონ ყველა მტკიცებულება, ესენია, სატელეფონო საუბრები, განხორციელებული ზარი, საიდანაც ერთ საათში ალექსნდრე თურაზაშვილი ცოცხალი აღარ იყო”.
განახლება
"მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე პირდაპირ ზეწოლას წარმოადგენს.
თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საკითხს და შეისწავლის სათანადო რეაგირება ექნება.
საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.


