ნატალი ლუაზო: უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სისუსტე არ გახდეს საქართველოს რუსეთისკენ სვლის მიზეზი
13/11/2024 19:46:05 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.
„იყო დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა... ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც მე ვნახე საქართველოში, როდესაც არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვიყავი. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, ისინი ამბობდნენ, რომ მათ არჩევნები მოპარეს. ისინი ქართულ და ევროპულ დროშებს აფრიალებენ და სჯერათ, რომ მათ არ მივატოვებთ. „ქართული ოცნება“, რომელიც „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ვლადიმირ პუტინისკენ მიბრუნდა და სურს, ოპოზიციური პარტიები გააუქმოს“, - განაცხადა ნატალი ლუაზომ.
მისივე თქმით, ახლა ევროპული რეაქცია ძლიერია, მაგრამ არა სრულიად.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აგრძელებს. მე მათი პრეზიდენტის გამბედაობას მივესალმები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სისუსტე არ გახდეს საქართველოს რუსეთისკენ სვლის მიზეზი", - თქვა ევროპარლამენტარმა [სინქრონული თარგმანი].


