გახარია: „ოცნების“ ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთი აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს
14/11/2024 08:11:52 პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთი აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს.
"26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აფხაზეთში ანექსიური პროცესები კი არ აჩქარდა, უმძიმესად დამძიმდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოსახულება იყო 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და პარასკევს, 15 ნოემბერს აფხაზურ პარლამენტში ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას ეყრება კენჭი. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, არ არსებობს. ეს ხალხი არანაირი განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება ანექსიის თვალსაზრისით აფხაზეთში, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას, რომ ყურადღება მივაქციოთ რაც დღეს აფხაზეთში ხდება.
ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმ ქმედებებს, რასაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთში. მაგალითად, პირველი – ეს იყო, ბოდიში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმთა სამინისტროს განცხადებაში გამოყენებულია იმის დასადასტურებლად, რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ პრემიერის მიერ დაბრალება, რომ ომი დაიწყო საქართველომ და გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ კამპანია, რომ თურმე დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ ახალი, მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით. რაც მთვარია, ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაცია მიჰყავს შემდეგ დასკვნებამდე: თქვენ არ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა; გაქვთ 72-ე პუნქტი კონსტიტუციაში და ფაქტობრივად, თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ, თქვენმა ხელისუფლებამ უნდა მოიხადოს ბოდიში; გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას; ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც იღვწიან ომის დასაწყებად – ამ ყველაფრის შედეგად რუსეთი საქართველოსგან ოფიციალურად ითხოვს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან "საზღვრების" დელიმიტაციას, ოფიციალურად ითხოვს ცეცხლის არგანახლების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ფაქტობრივად აღიარების პროცესის დაწყება, თავი რომ დავანებოთ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც დღეს აფხაზეთში ხდება.
უნდა გვესმოდეს, რომ "ოცნებამ", რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის მთლიანობა და სუვერენიტეტი. ივანიშვილს არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით რაიმე შეთანხმებას და პროგრესს მიაღწიოს რუსეთთან ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად. ერთადერთი რაც "ოცნებას" და ივანიშვილს გააჩნია ესაა, რომ რაც შეიძლება მეტი რუსული შავი ფული იშოვონ. რუსეთის ფედერაციისთვის კორუმპირებული, სუსტი და ნახევრად კი არა და არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი უზომოდ უკმაყოფილოა იმით, რომ "ოცნებამ" არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო", - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტმა „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ე.წ. კანონი მიიღო, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. 15 ნოემბერს კი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისაა დაგეგმილი.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილის შეცვლას კვლავ მოითხოვდა.
"რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა თბილისიდან მომდინარე შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ სიბრტყეზე გადაყვანის მნიშვნელობაზე", – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. მოსკოვი ასეთ კონკრეტულ ნაბიჯებად კვლავ მიიჩნევს მის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულების აღებას და მათთან "სახელმწიფო საზღვრების“ დელიმიტაციას.
რუსეთს და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებს წლებია, ეს მოთხოვნები აქვთ. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ის კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარებას აპირებს, სახელმწიფო საზღვარი კი რუსეთთან გადის და არა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.


