გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლების სიების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს
14/11/2024 08:16:53 პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლების სიების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, პირველ მიმართვაზე ცესკოს რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგაც პარტიამ სასამართლოს მიმართა თხოვნით – დაეცვა აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება, თუმცა პროცესზე გაირკვა, რომ პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მოწყობილობა დააყადაღა.
„საქართველოში ჩატარებული არჩევნები არავინ ცნო, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ჩამოკიდებულია ჰაერში. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და უცხოელი პარტნიორები ამბობენ, რომ აუცილებელია შესაბამისი გამოძიების ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომ ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყდეს. ფაქტია, რომ ამ არჩევნებს ქვეყნის შიგნით საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაცია არ აქვს. ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავიდან „ოცნებას“ მივმართეთ თხოვნით, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩევლების სიები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში იმის მითითებით, რომელ უბანზე მიიღეს მათ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ცესკომ ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს იმისთვის, რომ სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა. სასამართლოზე გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენელი, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე სისხლის სამართლის საქმე გახსნა და გამოძიება დაიწყო, ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააყადაღა ეს აღჭურვილობა. [...] ფაქტობრივად, დღეს ცესკო ღიად ამბობს, რომ რაღაც „ფეიქ“ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ცესკოსაც აღარ აქვს წვდომა, ამ აღჭურვილობაზე და სრული პასუხისმგებლობა, აი, ასე პროკურატურაზე მშვენივრად გადავიდა. [...] იმისთვის, რომ ჩვენ ამ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს უბრალოდ პატივი ვცეთ და რაიმედ ჩავაგდოთ, უბრალოდ რაიმედ ჩავაგდოთ, მარტივი თხოვნაა – სიები გაასაჯაროვეთ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი, ან ვთქვათ, რომ არა არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი. ამ გაურკვევლობაში ყოფნა, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო აზიანებს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობას ხვალ და ზეგ, სამწუხაროდ, დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ხომ „ოცნებამ“ უკვე შეძლო და მოკლა საბოლოოდ, ხომ?! პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დღეს ამ მომენტისთვის არის მკვდარი და ეს არის „ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


