„ჩემი ხმა ევროკავშირს“ 17 ნოემბერს პარლამენტთან აქციას აანონსებს
14/11/2024 09:10:14 პოლიტიკა
სადამკირვებლო მისია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ 17 ნოემბერს 19:00 სთ-ზე პარლამენტთან აქციას აანონსებს.
"აქციაზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, იურისტები გაგაცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შემოგთავაზებთ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებამდე.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად კი ხელისუფლებამ ამომრჩეველი მასიურად დააშინა, მოისყიდა, გააკონტროლა მათი არჩევანი და სხვების პერსონალური მონაცემების გამოყენებით მიითვისა ხმები. ეს არჩევნები არ არის!
უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, რადგან არჩევნები არ იყო ფარული და თავისუფალი. ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ათასობით საქართველოს მოქალაქესთან და თავისუფალ მედიასთან ერთად გამოააშკარავეს არჩევნების გაყალბების სქემები და შეაგროვეს მტკიცებულებები. შედეგად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნეს სამართლიან და თავისუფლად არჩევნებად. რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებს გამოაცალოს შინაარსი – ფარულობა, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც საფუძველს აცლის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. ცხადია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ცხადია, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც კონსტიტუციურად გვეკუთვნის – ჩვენი ხმა და არჩევანის თავისუფლება!", – ნათქვამია სადამკირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


