კალაძე: ოპოზიციის კამპანია სიების ჩახსნასთან დაკავშირებით უსუსურია, ამომარჩევლებს ეკეკლუცებიან
14/11/2024 13:12:01 პოლიტიკა
„ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შავი წერტილი არის გარედან მართული რადიკალები, უსამშობლო, მოღალატე აგენტები. ეს არის დღევანდელი რეალობა“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ძეგლებზე შავწერტილიანი სამკლაურების შებმის შესახებ.
მისივე თქმით, უსუსურია ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიაც სიების ჩახსნასთან დაკავშირებით.
„სიებთან დაკავშირებითაც უსუსური კამპანიაა. თავიდანვე იცოდნენ, რომ შეუძლებელია ეს, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, კანონით არის განსაზღვრული, შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ, თავიანთ ამომარჩევლებს ეკეკლუცებიან თუ რა უნდათ, არ ვიცი. ეს პირდაპირ ასახავს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. თუ ვინმეს უნდა აქციაზე გასვლა, ესეც მათი უფლებაა, არავინ არ ზღუდავს. შეუძლიათ, ჩაატარონ, გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
12 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. მოგვიანებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.
„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


