ცესკო–ში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი: "ახლა ყველა აპარატი და დოკუმენტაცია დალუქულია, ეს პროცესი შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს"
14/11/2024 14:00:19 პოლიტიკა
ცესკო–ში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ "ახლა ყველა ელექტრონული აპარატი და დოკუმენტაცია დალუქულია".
"ცესკო პროკურატურის ხელით ცდილობს, არ გახსნას ის შავი ყუთი, რომელსაც, ამდენი ხანია, ჩვენ ვითხოვთ. საუბარია, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ქვითრების გასაჯაროებას. იმას, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რეალურად, ვინ გამოცხადდა არჩევნებზე და ვის ნაცვლად გაიცა ბიულეტინები, რითიც საბოლოო ჯამში კარუსელი დატრიალდა. ახლა ყველა აპარატი, ყველა დოკუმენტაცია დალუქულია და ეს ასე იქამდე იქნება, ვიდრე "ქართულ ოცნებას" არ დასჭირდება. ეს პროცესი შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. ისინი ცდილობენ, ყველანაირი შესაძლებლობა მოსპონ იმისთვის, რომ რეალური სურათი არ იყოს გამოვლენილი. ხელი ხელს ბანს, პროკურატურა, ცესკო, სასამართლო, ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" ქვედანაყოფია", - აცხადებს, "ტვ პირველის" ცნობით, გიორგი სიორიძე.
მანამდე, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ "სასამართლოზე გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენელი, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე სისხლის სამართლის საქმე გახსნა და გამოძიება დაიწყო, ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააყადაღა ეს [ელექტრონული ]აღჭურვილობა".
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


