Accentnews.ge
გვარამია: "ერთადერთი რამ, რაზეც შეიძლება, საუბარი "ოცნებასთან", მათ შორის მედიაციით, ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა, წერტილი"

გვარამია: "ერთადერთი რამ, რაზეც შეიძლება, საუბარი "ოცნებასთან", მათ შორის მედიაციით, ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა, წერტილი"

14/11/2024 14:15:26 პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ "ერთადერთი რამ რაზეც შეიძლება, საუბარი "ოცნებასთან", არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება".

"ერთადერთი რამ რაზეც შეიძლება, საუბარი "ოცნებასთან", მათ შორის მედიაციით, არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. წერტილი. პარლამენტში შედით, იქ იმუშავეთ , შეცვალეთ კანონი, მერე რაღაც იქნებ, მოილაპარაკოთო – ეს ამბავი გამორიცხულია. კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ ხოლმე, რომ დაასწრეს მოვლენებს, სამართლებრივად შეუძლებელია და ასე შემდეგ. – არა მეგობრებო, ჩვენ სრულიად შეგნებულად მოვჭერით ყველა გზა იმისათვის, რომ ვინმემ, ვინ არ უნდა ყოს, არც კი გაბედოს და გვითხრას შედით პარლამენტშიო. ეს სამართლებრივად შეუძლებელია. თუ ვინმე ელოდება ან კარებს ღიას ტოვებს, ვაითუ უთხრეს პარლამენტში შესვლა, ან ზოგიერთს შეიძლება უნდოდეს, რომ უთხრან, მერე უცებ შელაგდნენ, ჩვენ მათ რიცხვს არ მივეკუთვნებით, ჩვენ არ შევდივართ", – განაცხადა გვარამიამ.

მანამდე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ "არანაირ მედიაციაზე არ არის საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შარლ მიშელი 2 არ იქნება".

„ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ გამოცდილება, რას ნიშნავს მედიატორობა „ქართულ ოცნებასთან“. შარლ მიშელმა გაიგო, რომ უბრალოდ სიტყვას ფასი არ აქვს და პირიქით, პროპაგანდისტულად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენც ყველამ ვნახეთ, რომ შეთანხმება უბრალოდ ფიზიკურად განადგურდა, გამოვიდნენ და თქვეს, რომ აღარ არსებობს. ასეთი ტიპის ხალხთან მედიაცია არ არის საჭირო“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

12 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. მოგვიანებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.

„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S