Accentnews.ge
კალანდარიშვილი: ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს, გამოვიყენებ, მათ შორის სამართლებრივ საშუალებას, რათა დავიცვა თითოეული თანამშრომლის უფლებები

კალანდარიშვილი: ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს, გამოვიყენებ, მათ შორის სამართლებრივ საშუალებას, რათა დავიცვა თითოეული თანამშრომლის უფლებები

15/11/2024 12:30:21 პოლიტიკა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ რჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით.

მისი თქმით, იგი გამოიყენებს, მათ შორის სამართლებრივ საშუალებას, რათა დაიცვას საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლის უფლებები.

"მინდა გამოვეხმაურო ზეწოლის კამპანიას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად პატივს ვცემ თავისუფალი გამოხატვის უფლებას - ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც დაცულია ევროპული დემოკრატიული სტანდარტებით - ეს უფლება უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობით და კანონიერი ქცევის ფარგლებში. როდესაც ასეთი ქმედებები სცილდება მისაღებ საზღვრებს, ისინი ავლენენ სამართლებრივი საფუძვლების ან მტკიცებულებების ნაკლებობას/არ არსებობას ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების დასამტკიცებლად.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვერანაირი ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“(EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.

მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, ჩემთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვისაც მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად და დაუღალავად ვიმუშაოთ რათა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებმა, არამედ საქართველოს თითოეულმა ამომრჩეველმა მიიღოს სრული და სწორი ინფორმაცია არჩევნების, განსაკუთრებით კი პოსტ საარჩევნო პერიოდში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ.

და ბოლოს მინდა ვუთხრა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, მათ ვინც გახდა უსამართლო ზეწოლის მსხვერპლი, გამოვიყენებ ყველა ადამიანურ და სამართლებრივ საშუალებას, რათა დავიცვა თქვენი უფლებები. თქვენი თავდადება და გამძლეობა არის საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედი და ჩვენ არ ვიქნებით მერყევი დემოკრატიის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვემსახურებით", – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

ცნობისთვის: გუშინ საღამოს გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ და აქცია ჩაატარეს. მათ მიიტანეს ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის ზოგიერთი შეურაცხმყოფელი შინაარსისა იყო: „ქოსკო“, „მონობა სიჩუმით იწყება“, „ასეთ გაყალბებულ არჩევნებს ისევ ყალბი მეგობრები მირჩევნია“, „ღორო, ჩვენი ხმები არ იჭმევა“.

15 ნოემბერს აქციას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ქადაგიშვილი, რომელმაც „ფაშიზმი“ უწოდა იმას, რაც „კალანდარიშვილის მიმართ ხდება“.

მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა:

"ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც წახალისდა ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებით, რომლებიც პირდაპირ "მაიდანიზაციისკენ" მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S