Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შემოვლენ

შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შემოვლენ

15/11/2024 12:44:54 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა.

"ორი კვირაა სიებთან დაკავშირებით წვალობენ. როგორც მივხვდი, საბოლოოდ, მათი პოზიციაა, რომ ავანსად ხსნიან სიებს. ავანსად აქვთ ეს სიები ჩახსნილი. არასერიოზული ხალხია. 2020-ში რამე სხვას აკეთებდნენ, სხვა დაპირებები და მუქარა ჰქონდათ და სხვა საბოტაჟი იყო? ზუსტად იგივე ხალხი, მეთოდებია. მათ მხარეს არაფერი იცვლება, აქედან გამომდინარე, საბოლოო შედეგიც არ შეიცვლება და დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შემოვლენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

12 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. მოგვიანებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.

„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S