შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტზე: წესით, დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით
15/11/2024 12:55:53 პოლიტიკა
"ქალბატონ სალომეს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე ყოფნის და მის ადგილას, წესით, ადამიანი დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით, იმისთვის, რომ გავიდეს მისი პოზიციიდან", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერთა ნაწილის ინიციატივას, რომ სიების ჩახსნის პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთოს.
12 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. მოგვიანებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.
„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


