გიორგი ჩაკვეტაძე: ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერ გადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ
15/11/2024 17:40:41 პოლიტიკა
"ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე "შოუს" უწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე მოვლენებს.
„ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერგადალახული პარტიისა და ნაც. მოძრაობის არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ. ლევან სანიკიძე ნაც. მოძრაობის საარჩევნო კამპანიის სპიკერია. ადგილზე არიან კოლექტიური ნაც. მოძრაობის სხვა დანაყოფების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია. ნაც. მოძრაობა თუკი რაიმეს აპროტესტებს, თსუ-ში არაფერი ესაქმებათ და შეუძლიათ ქუჩაში გააპროტესტონ და გვითხრან რას აპროტესტებენ. თუ არა და, თენგომ მაინც გვითხრას - ოღონდ, მარკერმა გაჟონაო ამაზე უფრო დამაჯერებელი რაიმე არგუმენტი. ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ უნივერსიტეტებმა მიიღეს რეალური ავტონომია და განათლების კერას, განათლება დაუბრუნდა!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წუხელ ღამე გაათიეს პროტესტის ნიშნად. მათ დღეს სოლიდარიბა გამოუცხადეს თბილისიდან სტუდენტებმა. რამდენიმე სტუდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესვლა და იქ პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც გაირკვა, მათ შესასვლელი კარი ჩაუკეტეს და შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. ირკვევა, რომ კარი ჩაიკეტა საგაკვეთილო პროცესის დროს. ერთ-ერთი ლექტორი გიორგი ბადრიძე წერდა, რომ მას არ ეძლეოდა შენობის დატოვების შესაძლებლობა, რათა სტუდენტები არ შეეშვათ შენობაში. სტუდენტები უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამოსხდნენ. მოგვიანებით მათ ტერიტორია პოლიციამ დაატოვებინა იძულებით.
უნივერსიტეტის მიმართულებით სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად დაიძრნენ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები. უნივერსიტეტთან ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.
სტუდენტების ნაწილი ამჟამად ილიაუნის შენობაშიცაა შეკრებილი. როგორც დაანონსდა, ისინი ღამეს გაათენებენ მსგავსად ბათუმელი თანატოლებისა.


