გვარამია: მოლაპარაკებაზე სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან
18/11/2024 01:31:38 პოლიტიკა
გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და დააკონკრეტა, რომ შესაბამისი „სიგნალი“ ქვეყნის ტერიტორიაზე არ მიუღიათ და მათი და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლა ქვეყნის გარეთ მოხდა.
„მსგავსი რამ "ქართულ ოცნებას" ვერ გადაარჩენს თუ არადა ბატონ კობახიძეს მოვუყვებით როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი პარტია, თანახმა იქნება და რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“, ამას თქვენთან ვამბობ და ეს ნამდვილად არ მეჩვენება. ახლა კობახიძეს სანამ არ მოჰბეზრდება იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები. რა თქმა უნდა. არავითარი მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნება, მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე - ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, კობახიძე არავის არ აღელვებს, საიდანაც გინდა იქიდან ააორთქლოს ბიძინა ივანიშვილმა“, - თქვა ნიკა გვარამიამ და დაამატა, რომ "არავითარი ვაჭრობა არ იქნება".
დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე ტიპის სიგნალი, რომ მოლაპარაკება კობახიძეს შეიძლება სურდეს, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კობახიძე არაფერს წარმოადგენს და სიგნალი ქვეყნის ფარგლებს გარედან მიიღეს ივანიშვილისგან.
„სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მე არ ვაპირებ დაზუსტებას, მაგრამ ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლები არ ყოფილა, ჩვენ მოგვაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა - არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით ვის რას სთავაზობს ბიძიან ივანიშვილი, ერთადერთი საკითხია მოლაპარაკების და განხილვის ღირსი - ახალი არჩევნები“.
გვარამიამ დამატებით განმარტა:
"ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა ამ სიგნალების გაცვლა, ჩვენ გვყავს წარმომადგენელი, ასევე მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები და მოხდა კონკრეტული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ მონაწილეობდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში ოღონდ ოპოზიცია, ჩვენ წამყვანი ოპოზიციურ ძალა ვართ, მოგეხსენებათ, დათანხმდეს იმაზე, რომ რაღაცა ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება“.
კითხვაზე, თუ ვისთან უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ „მაგას ვერ გეტყვით, კობახიძე და მისი გუნდი როგორც არ არსებობს, კიდევ უფრო არ იარსებებს, ივანიშვილზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა. კობახიძეს ვინ ეკითხება რაიმე სიგნალის გაგზავნას, ან ვინ ელაპარაკება საერთოდ, ეს არის ივანიშვილის ტექსტი და კიდევ ერთხელ აქედან ღიად ვუთვლი მას, არავითარი საუბარი მასთან არ იქნება ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს - ეს არის ხელახალი არჩევნები, კობახიძე ჩვენთვის არ წარმოადგენს არაფერს“.
თუ ვისთან სთავაზობდნენ დალაპარაკებას, ამ შეკითხვას გვარამიამ უპასუხა, რომ „არა მაქამდე არ მოსულა საერთოდ საუბარი და არც მივა, არავის არ აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველი შემდეგი არის ახალი კობახიძე“.
რაც შეეხება საუბრის თემას, იყო თუ არა ეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი - ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ „დიახ რაღაც ფორმით“ თუმცა, როგორც დამატებით განმარტა „სიღრმეებში არც შევსულვართო“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას სთავაზობდა თავად ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიამ თქმა, რომ „მთელ თავის პოლიტიკურ გუნდს... დღეს ვინც არიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველას უკლებლივ“.
ცნობისთვის: თსუ–სთან "კოალიცია ცვლილებისთვის” მიერ ორგანიზებული 24–საათიანი აქცია მიმდინარეობს. "კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერების თქმით, პროტესტი ხვალ საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. უხლოესი გეგმა ღამის გათენებაა. ადგილზე გაშლილია ათობით კარავი.
ამ დროისათვის გადაკეტლიია ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.


