Accentnews.ge
ორ ოპოზიციურ კოალიციაში არ აქვთ ინფორმაცია ივანიშვილის მხრიდან მოლაპარაკების თაობაზე სიგნალის შესახებ

ორ ოპოზიციურ კოალიციაში არ აქვთ ინფორმაცია ივანიშვილის მხრიდან მოლაპარაკების თაობაზე სიგნალის შესახებ

18/11/2024 07:41:28 პოლიტიკა

ორ ოპოზიციურ კოალიციაში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ცნობაზე, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სიგნალები იყო მოლაპარაკების თაობაზე, ინფორმაცია არ აქვთ.

"რაც გუშინ თქვა [ნიკა გვარამიამ], ნამდვილად სიახლე იყო. ჩვენი საერთო პოზიციაა ხელახალი არჩევნები. დანარჩენზე წარმოდგენ არ მაქვს",- უთხრა "აქცენტს" "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ.

იგივე უთხრეს "აქცენტს" "ძლიერი საქართველოს" პრესსამსახურში:

"ინფორმაცია არ გვაქვს".

***

მანამდე ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგან ოპოზიციამ მოლაპარაკებების თაობაზე "სიგნალი" მიიღო.

"ვერავითარი 25 ნოემბერი, ვერავითარი ახალი მთავრობა და ვერაფერი მსგავსი "ქართულ ოცნებას" ვერ გადაარჩენს. თუ არა და ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, არამხოლოდ ჩვენი პარტია, და რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან "ქართულ ოცნებასთან", - თქვა გვარამიამ.

მან დააზუსტა, რომ "სიგნალი" საზღვარგარეთ მათ წარმომადგენელს ივანიშვილის წარმომადგენელმა გადასცა, თუმცა პასუხად უარი მიიღო:

"სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან და, ასევე, ის მთავრობა, რომელიც დღეს არის. ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა, მომაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ ამ ქვეყნის გარეთ. პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა - არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, ვის რას სთავაზობს ივანიშვილი, ერთადერთი საკითხია მოლაპარაკებების განხილვის ღირსი - ახალი არჩევნები.

ქვეყნის გარეთ ჩვენ გვყავს წარმომადგენლები და, ასევე, მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები და მოხდა კონკრეტული ინფორმაციის გაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ იფიგურირებდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში, ოღონდ ოპოზიცია დათანხმდეს იმაზე, რომ რაღაც ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება".

აღნიშნული დაადასტურეს "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში".

"მცდელობა იყო გარკვეული მოლაპარაკების. ჩვენი პოზიცია საჯაროდ ცნობილია და საჯაროდ ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას. დეტალებზე არ ყოფილა ლაპარაკი",- თქვა გიორგი ვაშაძემ.

"კოალიცია ცვლილებების" წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, "რაღაც ეტაპზე მოლაპარაკება იქნება, მაგრამ ლაპარაკი არ უნდა იყოს გვარების ჩანაცვლებაზე, არამედ უნდა იყოს სისტემის შეცვლაზე, რომელიც იქნება მართლა დემოკრატიული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S