ლიეტუვა 26 ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მიიჩნევს და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის
18/11/2024 10:05:50 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მიიჩნევს და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ამის მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველი, გეტყვით ლიეტუვას პოზიციას, ჩვენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ, მეორე, ლიეტუვამ მოუწოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ. იმისათვის, რომ მივიღოთ მკაფიო პასუხები და რეალურად გავიგოთ, რა მოხდა, გვჭირდება გამოძიება. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიასთან ამ საკითხზე თანამშრომლობაზე, თუ ის უარს იტყვის გამოძიებაზე, ეს ასევე რაღაცის მთქმელია. თუ მათ არ სურთ, ვიცოდეთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა, სინამდვილეში ასე არაა. იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია და მიმაჩნია, რომ საკმაოდ რთული იქნება. ეს ეხება სანქციების დაწესებასაც. ეს იოლი არ არის. მაგრამ მეორეს მხრივ, კითხვები უნდა დაისვას. რატომ ვერ უნდა შევძლოთ გამოსავლის პოვნა საქართველოსთან დაკავშირებით და იმასთან დაკაშირებით, რასაც ქართველი ხალხი გვთხოვს. თუ ეს პროგრესირდება, მაშინ ეს საფრთხის შემცველი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ასევე მთელი ევროპისთვისაც. დღეს კონსტრუქციული დებატები იქნება, ამასთან დაკავშირებით და შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკიტხს განიხილავენ. "100 მილიონზე მეტი გაიყინება, ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს", – განაცხადაევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხევდრის დაწყებამდე.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.


