როთი: თბილისში მშვიდობიანი აქციის ყველა მონაწილეს სოლიდარობას ვუცხადებ, თქვენით ვამაყობ
18/11/2024 13:27:42 პოლიტიკა
"მეგობრებო, საქართველოს შეხედეთ! თბილისში მშვიდობიანი აქციის ყველა მონაწილეს სოლიდარობას ვუცხადებ. თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ამად ღირს! დანებება ალტერნატივა არ არის. მადლობა საქართველოში ყველა თავდადებულ ევროპელს. თქვენით ვამაყობ!“, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: თბილიში თსუ–სთან "კოალიცია ცვლილებისთვის” მიერ ორგანიზებული 24–საათიანი აქცია მიმდინარეობს. "კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერების თქმით, პროტესტი დღეს საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. მათი უხლოესი გეგმა დღეს საღამოს გახდება ცნობილი. ადგილზე გაშლილია ათობით კარავი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.


