მამუკა ხაზარაძე: პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად
18/11/2024 18:31:48 პოლიტიკა
“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.
პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელიც ითვალისწინებს ლეგიტიმაციისა და კონსტიტუციური ფუნდამენტის შენარჩუნებას, რომელიც “ქართულ ოცნებასაც”კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას.ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ამ ინიციატივას.აქვე, დღეს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ საერთო ოპოზიციური საკოორდინაციო და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს შექმნის ინიციატივა (სახალხო პარლამენტი), რომელიც ახალ არჩევნებამდე მისასვლელ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და კოორდინირებულს გახდის, როგორც შიდა კომუნიკაციაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით",- ამბობს ხაზარაძე.
პრეზიდენტის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს, ორ ძირითად პუნქტს მოიცავს:
"1.ახალი არჩევნები - როცა არჩევნები არ შედგა, აუცილებელია, გამეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას: საერთაშორისო გამოძიება (იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს, რაც გამოსასწორებელია, თუ გვინდა, მივიღოთ სამართლიანი და არა გაყალებებული არჩევნები).საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო-ოდირის მოთხოვნები, მაგრამ დამატებით, მაგალითად უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და ასევე საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნა - ამ ყველა ახალ ისტანციებში სასურველია, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართული.
2.26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება - რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არ შეიძლება არაფერი ახალი შედგეს - არც პარლამენტი, არც მთავრობა. ანუ ვაგრძელებთ არსებული მთავრობით და პარლამენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ, არავის ვიჭერთ, არ ვაგდებთ... მაქსიმალურად უნდა მივიდეთ სტაბილურად ახალ არჩევნებამდე",- თქვა ზურაბიშვილმა.


