ბითაძე: სამსახურში ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ მოგწონთ ხელფასი და "ევროპებში" სიარული - მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც
18/11/2024 19:29:51 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება.
“მოკლედ და კონკრეტულად!!
სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ ძალიან მოგწონთ ხელფასი, ევროპებში სიარული და ,,კაი ცხოვრება” - მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც” ,- წერს მაია ბითაძე “ფეისბუქზე“.
პრეზიდენტის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს, ორ ძირითად პუნქტს მოიცავს:
"1.ახალი არჩევნები - როცა არჩევნები არ შედგა, აუცილებელია, გამეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას: საერთაშორისო გამოძიება (იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს, რაც გამოსასწორებელია, თუ გვინდა, მივიღოთ სამართლიანი და არა გაყალებებული არჩევნები).საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო-ოდირის მოთხოვნები, მაგრამ დამატებით, მაგალითად უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და ასევე საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნა - ამ ყველა ახალ ისტანციებში სასურველია, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართული.
2.26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება - რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არ შეიძლება არაფერი ახალი შედგეს - არც პარლამენტი, არც მთავრობა. ანუ ვაგრძელებთ არსებული მთავრობით და პარლამენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ, არავის ვიჭერთ, არ ვაგდებთ... მაქსიმალურად უნდა მივიდეთ სტაბილურად ახალ არჩევნებამდე",- თქვა ზურაბიშვილმა.


