კალაძე: ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ როცა კეტავ გზებს მაშინ, როცა არ გყავს საკმარისი რაოდენობის ხალხი, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
19/11/2024 09:28:41 პოლიტიკა
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ, როგორც კი ჩვენ ვნახავთ კანონის გადახვევას, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი უწყებების მხრიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
კალაძის თქმით, ქვეყანას ოპოზიცია არ ჰყავს.
„ქვეყანაში ოპოზიცია არ გყავს, სამწუხაროდ. გვყავს მარგინალების და რადიკალების დაჯგუფება, რომლებიც თავიანთი არსებობით ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას, ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყნის გაძლიერებას, ეკონომიკურ წინსვლას, თუმცა ჩვენ ამ ადამიანებს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა დააზიანონ.
რაც შეეხება ზოგადად აქციებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი, ჩვენ ვნახავთ კანონის გადახვევას, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი უწყებების მხრიდან.
ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი შენ სცდები კანონის ფარგლებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არავის მიეცემა ისმის შესაძლებლობა,რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს პიკეტირება, საზოგადოებას და ხალხს შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. არსებობს კანონი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. როდესაც შენ მიზანმიმართულად ახორციელებ პიკეტირებას, კეტავ გზებს იმ დროს, როდესაც არ გყავს საკმარისი რაოდენობის ხალხი, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, "მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის შესახებ, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციამ დააკავა.
„არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს ან ნებისმიერ ადამიანს. შენ გინდა აქციის მონაწილე იყავი, ვინც გინდა იყავი, რატომ აყენებ პოლიციელს შეურაცხყოფას, რატომ აგინებ, რაღაცებს რატომ ესვრი? არ არის ეს სწორი ფორმა, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი იყო მისული და მომიტინგეებს ტექსტის სახით ინფორმაცია მიაწოდა, კანონით რაც არის გათვალისწინებული. ის ქმედებები, რაც ჩვენ ვიხილეთ, არ არის ეს სწორი - პოლიციელის შეურაცხყოფა, გინება. იგივე, თუნდაც ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რატომ არ გიჩნდებათ პროტესტის განცდა, როდესაც „პოსტვ“-ის, „იმედის“, თუნდაც „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებენ, ხელს უშლიან მუშაობაში. რატომ არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა, რატომ არ გამოდიხართ და იგივე კითხვას რატომ არ მისვამთ? ხომ თქვენი კოლეგები არიან? მოგწონთ ის დამოკიდებულება და განწყობა, რაც ამ ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართ აქვთ? არ ვარგა ეს, მეგობრებო, დამიჯერეთ, მაგრამ იქ მყოფი ადამიანები ჩვეულებრივი რადიკალები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირების საშუალებას არავის მისცემენ.
„ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ვერც აგენტურა, ვერც მოღალატეები, ვერც გარედან ე.წ. დეტალები ვერ შეცვლის არსებულ სიტუაციას. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. ისინი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიციონელი ლიდრების თქმით, პროტესტი გაგრძელდება. შსს–ს ცნობით 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან სამი ადამიანი ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია.


