როთი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება
19/11/2024 11:09:45 პოლიტიკა
"თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ. თვალის არიდება და დაძაბული სიტუაციის ტრივიალიზება შესაძლებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს“, -ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. ისინი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიციონელი ლიდრების თქმით, პროტესტი გაგრძელდება. შსს–ს ცნობით 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია.


