ხოშტარია: აქციები არ შეწყვეტილა, პროტესტი “ოცნებისთვის” მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული იქნება”
20/11/2024 18:17:51 პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიცია პროტესტის ადგილსა და ფორმას წინასწარ არ დააანონსებს. ამის შესახებ მან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში ყველა პრინციპულ საკითხზე. კერძოდ, პირველი, პარლამენტში არშესვლა, ეს არის მთავარი, ფუნდამენტური [საკითხი]. ამ არჩევნების არ აღიარება, ამაში აბსოლუტურად, ერთიანები ვართ.
მეორე, საერთაშორისო არაღიარებაზე მუშაობა, სადაც გვაქვს სრული თანამშრომლობა პრეზიდენტთან და ჩვენს პარტნიორებთან.
მესამე, ეს არის ქუჩაში ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის.
ყველა ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და პრინციპული თანხმობა ყველა მიმართულებით გვაქვს", - განაცხადა ხოშტარიამ.
ამასთან, საპროტესტო აქციებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ "აქციები არ შეწყვეტილა, მას ექნება ის რეჟიმი, ტემპი, ფორმა და დღეები, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული იქნება”.


