ლაშა ბაქრაძე: ყველამ შეღებოს თეთრი ნაჭერი და გადმოფინოს ფანჯრიდან, ადამიანები დაინახავენ, რომ მარტო ერთ ადგილას კი არ არის აქცია, არამედ – მთელს ქვეყანაში
22/11/2024 12:10:17 პოლიტიკა
"ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ "მოქალაქეებმა თეთრი ქსოვილი შავი წერტილით ფანჯრებიდან გადმოფინონ, როგორც გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგობის სიმბოლო".
„გვაქვს ერთი წინადადება ქართველი საზოგადოებისთვის. ეს ყველას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს. გვინდა, რომ მთელს ქალაქში და შემდეგ უკვე მთელს ქვეყანაშიც ჩანდეს ის, რომ ადამიანებს აწუხებთ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის სიმბოლოდ თეთრ ნაჭერზე შავი წერტილი გადაიქცა. ჩვენი წინადადებაა, რომ ყველამ შეღებოს თეთრი ნაჭერი და გადმოფინოს ფანჯრიდან, როგორც დროშა. ადამიანები დაინახავენ, რომ ჩვენ ვართ ბევრი, რომ ეს საკითხი გვაწუხებს, რომ მარტო ერთ ადგილას კი არ ხდება აქცია, არამედ – მთელს ქალაქში და ქვეყანაში“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა - გიორგი ვაშაძემ და ლაშა ბაქრაძემ კოტე აფხაზის ქუჩაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. პარტიის წევრებმა პუბლიცისტისა და მწერლის, აკაკი ბაქრაძის სახლის წინ თეთრ ნაჭერზე შავი საღებავით ჯერ წრე შეღებეს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოფინეს.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.


