გიორგი ვაშაძე: ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, ეს არის ორმაგი თამაში
22/11/2024 12:35:02 პოლიტიკა
"ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი, ეს არის ორმაგი თამაში",- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "დარწმუნებულია, რომ ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა".
"[პარტიების] დაფინანსება სპეციალურად აქვთ ჩადებული, რომ ვიღაცას ხელი ააღებინონ მანდატების [გაუქმებაზე]. რა დაფინანსებაზეა საუბარი, როდესაც თვითმარქვია ადამიანები მართავენ ქვეყანას და ხელისუფლება აქვთ მიტაცებული. ხალხს ართმევენ მომავალს. არანაირი დაფინანსება არ მაინტერესებს. დაფინანსება ხალხის სიყვარული და მხარდაჭერაა. მეტი არაფერი, ესაა მთავარი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის: პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ "პროცესს რამდენიმე თვე" დასჭირდეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, "საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტს მიმართავენ მაშინ, როდესაც ყველაზე კარგი დრო იქნება“:
„ჩვენ პროცესთან გვაქვს საქმე, ეს ხომ არ არის ერთდღიანი, თუნდაც ერთკვირიანი ან ორკვირიანი პროცესი, შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ თვეების განმავლობაში გაწელილი პროცესი, რომელსაც უბრალოდ ვერ გავექცევით. ამას როდის გავაკეთებთ? გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის ყველაზე კარგი დრო იქნება".


