პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
25/11/2024 06:06:38 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი ილია დარჩიაშვილს შეცვლის.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს - ეს გახლავთ მაკა ბოჭორიშვილი. მას, ისევე როგორც სხვა კანდიდატურებს, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მაკა ბოჭორიშვილს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში. 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში 1999 წლიდან 2020 წლამდე. როგორც მოგეხსენებათ 2020 წლიდან ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მისმა საქმიანობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა კონკრეტული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მაკა ბოჭორიშვილის საქმიანობასაც. პროფესიით მაკა ბოჭორიშვილი არის იურისტი, მას ასევე აქვს დიპლომატიური აკადემია, აქვს შესაბამისი განათლება, შესაბამისი გამოცდილება, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მინდა, წარმოგიდგინოთ მაკა ბოჭორიშვილი და მისი კანდიდატურა წარდგინება დღეს პარლამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, მან "საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის" მადლობა გადაუხადა.
"ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს საგარეო პოლიტიკური განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად, სიფრთხილეს. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ რამხელა გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და პირიქით, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე. ჩემთვის ეს არის ნამდვილად დიდი პატივი, ვიყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მიეძღვნება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მიზნები დაცული საერთაშორისო არენაზე. ერთგვარად სახლში დაბრუნებასავით არის ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, ფაქტობრივად, გავიზარდე ამ სამინისტროში, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო ის გამოცდილება, ძალა და ენერგია, რომელიც დღეს მე მომყვება საპარლამენტო გუნდიდან, საპარლამენტო საქმიანობიდან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რასაც მე მიცხადებთ და ახლა უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შევეცდები, რომ მაქსიმალურად დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


