Accentnews.ge
კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დავით სონღულაშვილი წარადგინა

კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დავით სონღულაშვილი წარადგინა

25/11/2024 06:11:18 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დავით სონღულაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად მინდა, წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა, მასაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. მას აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით, მას დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. ის არის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი, ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი უკვე მრავალი წელია. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის ევროინტეგრაციის კომიტეტის, ის იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მანამდე ძალიან წარმატებულ საქმიანობას აწარმოებდა ასევე კერძო სექტორში, სახელმწიფო სამსახურში. დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ "დასახული მიზნების შესასრულებლად, მინისტრის ამპლუაში აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან".

„დიდი მადლობა ბატონი პრემიერო, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და აგრეთვე, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას. გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენ გვეთანამშრომლა პარლამენტიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს მქონდა შესაძლებლობა, ჩვენ გუნდთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც თავისთავად, ცხადია, წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში და ეკონომიკურ წინსვლაში. მინისტრის პორტფელით გავაგრძელებთ იმ დაწყებულ რეფორმებს და აგრეთვე დავიწყებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად. მინისტრის ამპლუაში, რა თქმა უნდა, აქტიურად ვითანამშრომლებ როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რადგან დასახული მიზნები შევასრულოთ. წარმატებები მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ,“ - განაცხადა სონღულაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S