პაპუაშვილი – პარლამენტში მედიის მუშაობის შეზღუდვაზე: ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა
25/11/2024 06:48:58 პოლიტიკა
ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტში მედიის მუშაობის შეზღუდვის ფაქტს.
შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს "კარგი ფორმატია იმისთვის, რომ სამუშაო გარემო გქონდეს".
„ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რათა მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა. მედიასაც გქონდეთ შესაძლებლობა, შეფერხების გარეშე იმუშაოთ. ალბათ, 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ვინც აქ იყავით, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან. ვფიქრობ, კარგი ფორმატია იმისთვის, რომ სამუშაო გარემო გქონდეს“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.
დღეს პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტები შეუშვეს, თუმცა მათ სამუშაო სივრცეები აქვთ შეზღუდული. პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი ზონაა გამოცხადებული. ონლაინ მედიებს შესვლა და პარლამენტის საქმიანობის გაშუქება ეკრძალებათ.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან სამართალდამცველებია მობილიზებული. პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, რომელიც დეპუტატებს პარლამენტში შესასვლელად სჭირდებათ. სამართალდამცველების რაოდენობა თანდათან იზრდება.
პარლამენტის წინ რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. ადგილზე გაშლილია კარვები.
თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სამართალდამცველებია მობილიზებული.
დღეს 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება. ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება, ელჩები მიწვეულები არ არიან.
როგორც წესი, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან ხოლმე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაზე მიწვეულები იყვნენ: ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; ქალაქ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.


