პაპუაშვილი – ელჩების არმიწვევაზე: "იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, მნიშვნელოვანია, ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს"
25/11/2024 06:58:08 პოლიტიკა
"იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მოიწვია მან პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მისი თქმით, „ეს დღე როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე“.
„ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. ეს დღე არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში [პირველ სხდომაზე] წარმოდგენილი იქნება მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა-არმონაწილეობას - ვთქვი კიდეც, რომ ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება ინსტრუმენტალიზება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყველასთვის კარგი და უმჯობესი არის, რომ... სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს არასათანადო ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ინსტრუმენტალიზება სხვადასხვა საკითხების, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც წესი, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან ხოლმე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაზე მიწვეულები იყვნენ: ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; ქალაქ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.
როგორც მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ოპონენტები აცხადებენ, "ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება დაასწრო უცხოელ ელჩებს, რადაგან, მათი თქმით, დასავლური ქვეყნების დიპლომატები მაინც უარს იტყოდნენ პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრებაზე.
საკანონმდებლო ორგანოსთან დემონსტრანტები იმყოფებიან. ადგილზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა. დღეს 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება. ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


