საკონსტიტუციოში განმარტავენ, მიწვევის მიუხედავად, რატომ არ ესწრებოდა სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა პარლამენტის სხდომას
25/11/2024 11:01:03 პოლიტიკა
მე–11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა მიწვეული იყო, თუმცა იგი სხდომას არ ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია "აქცენტს" საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში დაუდასტურეს.
რაც შეეხება სხდომაზე არდასწრების მიზეზს, პრესცენტრში აღნიშნავენ, რომ მერაბ ტურავა იმყოფება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით ორი სარჩელია შესული და მასზე მუშაობა მიმდინარეობს.
"ჩვენი სამუშაო ადგილია ბათუმი. ბატონი მერაბი ადგილზეა და მუშაობს. სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთი მოსამართლე არ ყოფილა. როგორც წესი, ყოველთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს იწვევენ ხოლმე", – განუცხადეს "აქცენტს" საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში.
ცნობისთვის: 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთნ დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა. გარდა ამისა, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გაგზავნეს 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა დღეს 12:00 საათზე გახსნა და პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება სცნო.
კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, რომ როდესაც არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, მათი უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.


