სამადაშვილი: "ძლიერი საქართველო" სიების ჩახსნაზე განცხადებას 26 ნოემბერს გააკეთებს
25/11/2024 19:22:49 პოლიტიკა
კოალიცია "ძლიერი საქართველო" საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ, 26 ნოემბერს გააკეთებს. ამის შესახებ კოალიციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
25 ნოემბერს" კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა თქვეს, რომ მათ საპარლამენტო სიის ჩახსნის თაობაზე ცესკო-ს უკვე მიმართეს, ხოლო პროცედურულად შემდეგი ნაბიჯია ინდივიდუალური განცხადებები მანდატის ჩახსნასთან დაკავშირებით.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანოს ინდივიდუალურად უკვე მიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც ის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. ოპოზიციური პარტიები შეკრებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.


