ლილუაშვილი: ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ
26/11/2024 09:46:22 პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ „მაშინ და იმ ფორმით“, როცა ამას გადაწყვეტენ.
მისივე თქმით, პოზიციაში, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, ჯერ–ჯერობით არაფერი შეცვლილა.
"ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც “ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით, სხვათა შორის, პირველმა, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ და ეს პირველ სხდომაზე ყველამ ნახა, ხომ?! ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ პოზიციაში ჯერ–ჯერობით არაფერი შეცვლილა", - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის: 25 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ მან უკვე გაგზავნა განცხადება პარლამენტში და მოითხოვა შეწყდეს მისი მანდატი.
მოგვიანებით, იმავე დღეს „კოალიციამ ცვლილებისთვის“ განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისია პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ აღნიშნა, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე პარტიულ სიას ჩახსნის, შემდეგ მიმართავენ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების ჩახსნასთან დაკავშირებით დღეს, 26 ნოემბერს მიმართავენ.


