Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: "ჰაიდელბერგ ცემენტი" გავიდა ქართული ბაზრიდან

გერმანიის ელჩი: "ჰაიდელბერგ ცემენტი" გავიდა ქართული ბაზრიდან

27/11/2024 15:36:41 პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ამბობს, რომ "ჰაიდელბერგ ცემენტი" გავიდა ქართული ბაზრიდან.

როგორც მან BMG-ის ეთერში ივარაუდა, უარყოფითი ტენდენცია გაგრძელდება.

"უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვივარაუდებ, რომ ტენდენცია იკლებს და ჩემი პროგნოზით, შემცირდება. თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება, ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზართან.

საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ.

ისეთი კომპანიაც კი, როგორიც "ჰაიდელბერგ ცემენტია", გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა. ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის",- თქვა ელჩმა.

მან ასევე საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა:

"გერმანია უკვე 30 წელზე მეტია, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი და პარტნიორია, ახლა ჩიხში ვართ, ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით 2023-2024 წლების გარდამავალ პერიოდში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი.

მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ: ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა - ჩვენ გვინდა, ვიყოთ დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ. სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები ამ კურსს ეწინააღმდეგება, რადგან თუ გინდა ვეროკავშირში გაწევრიანება, უნდა მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობა. ძალიან მარტივია - ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ხდება ახალი წევრი ქვეყნის კანონმდებლობაც. როდესაც ეს მოხდება, თქვენ წევრი ხართ, სანამ ეს არ მოხდება, არ შეგიძლიათ, იყოთ წევრი, რადგან ევროკავშირის არსი ესაა - ყველა წევრი ქვეყანა ერთსა და იმავე კანონმდებლობას იზიარებს.

ჩვენ ყველაზე დიდი პარტნიორობის და მეგობრის დამადასტურებელი ჟესტიც კი შემოგთავაზეთ, თუ გნებავთ, ვიტყვი, რომ ეს იყო სიყვარულის და ზრუნვის ნიშანი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ. [...] გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართული ოცნების თავმჯდომარესთან ერთად, ვიდექი თავისუფლების მოედანზე 100 000 ადამიანის წინაშე და კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ აღვნიშნეთ. ამის შემდეგ, განწყობა შეცვალა - საქართველოს მთავრობამ ხელახლა შემოიღო ე.წ კანონი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რაც ევროკავშირის საფუძვლებს ეწინააღმდეგება, ეს არამხოლოდ შეუსაბამოა, არამედ უხეშ წინააღმდეგობაშია ყველაფერთან, რასაც ევროკავშირი უჭერს მხარს, რადგან ევროკავშირის საფუძველია დემოკრატია და კანონის უზენაესობის ინსტიტუტები, ეს კანონი კი, სრულიად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან. [...] საქართველოს მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი კანონი LGBTQ-ს შესახებ, რომელიც ასევე შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან და შეიცვალა რიტორიკა - გერმანია აღარ მოიაზრება მეგობრად და პარტნიორად, ჩვენ აღმოვჩნდით გლობალური ომის პარტიის გიჟურ წარმოდგენაში, გვადანაშაულებენ ლიბერალური ფაშიზმის ხელშეწყობაში, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, რადგან ლიბერალი არის თავისუფლება, სადაც ერთმანეთის გვერდით ბევრი იდეა არსებობს, სწორედ ესაა გერმანია და ევროკავშირი. ფაშიზმი ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი იდეაა კარგი და ყველა დანარჩენი ნაკლები ღირებულების, ასე რომ აქ არანაირი თანხვედრა არ არის.

გვადანაშაულებენ აქ რევოლუციის მხარდაჭერაში, ვართ უცხოელი აგენტები, აღარ ვართ მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს ხელისუფლების ტერმინოლოგიით ჩვენ უცხო აგენტებს გვიწოდებენ და გვაბრალებენ საქართველოს უკრაინის ომში ჩაბმის მცდელობას, ეს ყველაფერი სრული სიცრუეა, ჩვენ სრულიად უარვყოფთ მას, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის აქტზე, კანდიდატის სტატუსის შეთავაზებაზე, ასე რომ პასუხი კითხვაზე - სად ვდგავართ, ვიმყოფებით ჩიხში და კრიზისულ მომენტში, საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S