სუბარი: „ხალხის ძალა“ მანდატების შეწყვეტას მხარს დავუჭერთ
27/11/2024 17:26:29 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, შეთქმულების თეორიების აქტიური გამავრცელებელი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს.
„ქართული პოლიტიკა რაც მალე გათავისუფლდება აგენტებისგან, მით მალე გაეხსნებათ გზა სხვა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომელთათვის საქართველო უპირველესია. პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეიძლება, განსხვავება ჰქონდეთ ეკონომიკის სამომავლო ხედვაზე, საქართველოს პატრიოტები იქნებიან და არა – აგენტები. მე და ჩემი გუნდი, „ხალხის ძალა“ მანდატების შეწყვეტას მხარს დავუჭერთ. მოუთმენლად ველოდები, როდის შემოიტანენ დანარჩენები“, – თქვა სუბარმა.
საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური გაერთიანება არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა. პარტიების ოფიციალური მიმართვის შემდეგ, ცესკომ სამი ოპოზიციური გაერთიანების მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები 26 ნოემბერს გააუქმა. "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა პარლამენტს უკვე მიმართეს მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადებით.


