პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთს ეშინია, რომ "ოცნება" ფარისევლობს, "ოცნება" კი ახლა ცდილობს, ერთგულება დაუმტიკიცოს
28/11/2024 16:29:30 პოლიტიკა
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
ზაქარეიშვილის თქმით, "რუსეთს ეშინია, რომ "ოცნება" ფარისევლობს, "ოცნება" კი ახლა ცდილობს, ერთგულება დაუმტიკიცოს".
"ქართული ოცნება" ძალიან ჩქარობს ყველა მიმართულებით. უცებ სურთ პრეზიდენტის არჩევა, უცებ დაამტკიცეს მთავრობა. ვფიქრობ, სურთ დაუმტკიცონ რუსეთს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ. მკაფიოდ ჩანს, რომ მათ ძალიან უნდოდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვფიქრობ, ერთადერთი მიზეზით – ამოეღოთ კონსტიტუციიდან 78–ე მუხლი. ვერ მიიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვერ მიიღეს ის, რაც უნდოდათ, მაგრამ გაყალბება შერჩათ და აღშფოთებულია მთელი საზოგადოება. ამ ფონზე რუსეთმა არ დააყოვნა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაცრი განცხადება. ეს განცხადება გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" ვერ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ამოეღო ეს მუხლი. მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა რუსეთმა ოფიციალური განცხადება. მათთვის მიუღებელია 78–ე მუხლი", – განაცხადა ზაქარეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" უტიფრად დაარღვევს საკუთარ კონსტიტუციას ოღონდ რუსეთიდან ჰქონდეთ გარკვეული კეთილგანწყობა და რუსეთმა საფრთხე არ შეუქმნას მათ ძალაუფლებას იმიტომ, რომ მათ ვერ შეასრულეს საშინაო დავალება მკაფიოდ ჩანს".
"რატომ უნდა ჩქარობდნენ ასე სხვაგვარად მე ვერ ვხსნი გარდა ამ პირობისა, რომ მათ საშინაო დავალება ვერ შეასრულეს ღირსეულად რუსეთის წინაშე. შესაბამისად, მათ ახლა უნდა დაუმტკიცონ ლაპარაკით, ყველაფრით, რომ მათთვის მიუღებელია ევროკავშირი.
რუსეთს ეშინია, რომ "ოცნება" ფარისევლობს – რა გახდა ეს გაყალბება, რატომ ვერ გააყალბე ისე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიგეღო, რა შენს ხელში არაა ცესკო? – აი ასეთი მიდგომაა. ჩვენთან ჯერ კიდევ შემორჩენილია დემოკრატიის ინსტიტუტები. ამ დემოკრატიის ინსტიტუტებმა შეაჩერეს, რომ მათ ვერ მიიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ ახლა ისინი [ "ოცნება"] უკვე სიტყვით, მოქმედებით ცდილობენ, დაუმტკიცონ რუსეთს ერთგულება.
მე რისი მეშინია იცით? ამ ფონიდან გამომდინარე შემდეგი არჩევნების კონტექსტში, ადგილობრივ არჩევნებს შესაძლოა, დაამთხვიონ რეფერენდუმი. რა თქმა უნდა, რეფერენდუმი ვერ გააუქმებს კონსტიტუციას, მაგრამ რეფერენდუმზე შესაძლოა, ხელახლა დასვან კითხვა გვინდა თუ არა ევროკავშირი", – დასძინა მან.


