დონბასის ვითარება გაერო–ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს
19/02/2020 09:04:22 მსოფლიო
აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარება გაერო–ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს, რომელიც კიევის ინიციატივით დონბასის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების გამო იქნა მოწვეული. დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერი განცხადებების გააკეთეს. აშშ–ის წარმომადგენელმა შერით ნორმან შალემ კი რუსეთი მინსკის შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.
„რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები კვლავ არღვევენ პრეზიდენტ პუტინისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების მიერ მიცემულ დაპირებებს“, – განაცხადა შალემ და რუსეთი სეპარატისტების სამხედრო დახმარებაში, წვრთნასა და შეიარაღებაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, უშიშროების საბჭოს წევრი ევროკავშირის ქვეყნების (ამჟამად ბელგია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად შემდგომ მუშაობას „ნორმანდიული ფორმატის“ გასული წლის 9 დეკემბრის სამიტის შედეგები უნდა დაედოს საფუძვლად, მათ შორის - მორიგი განცხადება ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის თაობაზე.
საპასუხოდ რუსეთის წარმომადგენელმა ვალერი ნებენზიამ განაცხადა, რომ სწორედ უკრაინა აფერხებს ხსენებული სამიტის გადაწყვეტილებების რეალიზებას და ამის გამო ლიდერების შემდგომი შეხვედრაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
საგანგებო სხდომაზე გამოვიდა უკრაინაში ეუთო–ს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი იაშარ ხალით ჩევიკიც, რომლის თქმით, სამშაბათს მისიამ ლუგანსკის მხარის დასავლეთ ნაწილში „ძალზე სერიოზული ინციდენტი“– დღე-–ღამის განმავლობაში 2500 აფეთქება დააფიქსირა, რაც ჩვეულ მდგომარეობას 5–ჯერ აჭარბებს.
უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სამშაბათ დილით ფრონტის ერთ–ერთ მონაკვეთზე შეტევაზე გადავიდნენ, უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს და საკუთარ პოზიციებზე კონტროლი სრულად შეინარჩუნეს, თუმცა არიან მოკლულები და დაჭრილები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მომხდარს პროვოკაცია უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ეს უკრაინის ხელისუფლების კურსს ვერ შეცვლის. „უკრაინა მტკიცედ უახლოვდება ომის დასრულებასა და მშვიდობას“,– დასძინა მან.
თავის მხრივ, სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ ცეცხლი პირველებმა უკრაინელმა სამხედროებმა გახსნეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დონბასის შეიარაღებულ ინციდენტთან დაკავშირებით სს ორი საქმე აღძრა და უკრაინელი სამხედროები „სამოქალაქო მოსახლეობასთან არაადამიანურ მოპყრობაში“ დაადანაშაულა.
ცნობისთვის: ნატო–მ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვა და რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.


