გამწვავება სირიაში: რუსეთი და თურქეთი ბრძოლებში ღიად ჩაერთვნენ
20/02/2020 17:14:33 მსოფლიო
რუსმა და თურქმა სამხედროებმა დღეს უშუალო მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო მოქმედებებში სირიულ პროვინცია იდლიბში, სადაც ოპოზიციის შეიარაღებულმა რაზმებმა სცადეს, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის არმიისგან ადრე დაკარგული ტერიტორიების ნაწილი გაეთავისუფლებინათ.
კონფლიქტის ორივე მხარის მრავალრიცხოვანი ცნობების თანახმად, ოპოზიციის რაზმებმა თურქული არტილერიის მხარდაჭერით დასახლებულ პუნქტ ნაირაბზე შეტევა წამოიწყეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა Cу-24 დარტყმა განახორციელა ძალებზე, რომლებმაც სირიის სამთავრობო ჯარების წინა ხაზის გარღვევა მოახერხეს.
«ამან სირიის ჯარს ყველა იერიშის წარმატებით მოგერიების შესაძლებლობა მისცა», - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის თავდაცვის უწყება მოუწოდებს თურქეთს, „ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ტერორისტების ქმედებების მხარდაჭერა შეწყვიტოს» (ტერორისტებად რუსეთის თავდაცვის უწყება მოიხსენიებს ოპოზიციის რაზმებს, რომლებიც იდლიბში ასადის არმიას უწევენ წინააღმდეგობას).
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ იდლიბზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად ორი თურქი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ამასთან, ავიადარტყმებზე პასუხისმგებლობა სირიის სამთავრობო ძალებს ეკისრებათ. გავრცელებული ცნობების თანახმად, ამის შემდეგ თურქეთის ჯარმა ასადის ძალებზე საპასუხო საარტილერიო დარტყმა მიიტანა.
• თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეებს - შესაბამისად, ოპოზიციასა და ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ამასთან, ორივე მხარე სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბში დაზავების გარანტად პოზიციონირებს. თურქეთი ზავის დარღვევაში ასადის ჯარს ადანაშაულებს, ხოლო რუსეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას. თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით შედეგს არ იძლევა. ამ დღეებში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბში ასადის ძალების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხია. თავის მხრივ, მოსკოვმა თურქეთი გააფრთხილა, ოპერაციის დაწყებისგან თავი შეიკავოს.
• სირიის კონფლიქტში ჩართვას თურქეთი იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსეთთან შეთანხმებით მოწყობილ სადამკვირვებლო საგუშაგოებზე მყოფი თავისი სამხედროების დაცვის მოტივით ხსნის. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ ასადის ჯარები ებრძვიან ტერორისტებს, რომლებზეც ზავის შესახებ შეთანხმება არ ვრცელდება.


