ჩინეთში 195 პაციენტს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდგინდა
24/02/2020 09:35:57 მსოფლიო
ჩინეთში 195 პაციენტს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტებს სახლში კარანტინში 14 დღე უნდა გაეტარებინათ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მათი ხელახალი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად 21 თებერვალს სიჩუანის პროვინციაში დაფიქსირდა.
მსოფლიოში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


