რა გავლენას ახდენს კორონავირუსი მსოფლიო ტურიზმსა და ეკონომიკაზე
24/02/2020 13:22:52 მსოფლიო
ავიაკომპანიები და მსოფლიო ტურიზმის სფეროს სხვა ოპერატორები ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან.
ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებიდან 2 კვირის შემდეგ მსხვილმა ავიაგადამზიდველმა Air France-KLM განაცხადა, რომ თებერვალ-აპრილში მისი საოპერაციო შემოსავალი 150-200 მილიონი ევროთი შემცირდება. ასევე იკლო სხვა აზიურ ქვეყნებში გამგზავრების მსურველთა რიცხვმა.
კორონავირუსის საფრთხისა და ავიამიმოსვლის შემცირების გამო მცირდება სასტუმროების ბიზნესის შემოსავლებიც. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება აზიაში - ინდონეზიის კუნძული ბალი დამსვენებლების სიმცირეს უჩივის. ბოლო კვირის მანძილზე ადგილობრივ სასტუმროებში 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა.
კორონავირუსით მიყენებული ზარალი ევროპაშიც საგრძნობი ხდება. ძირითადად ზარალდებიან ჩინელებს შორის პოპულარული კურორტები. ჩინეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირების გარდა, სასტუმროების ჯავშნებს აუქმებენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რომელთაც არ სურთ იმავე სასტუმროში დაბინავება, სადაც ჩინეთის ტურისტული ჯგუფები ცხოვრობენ.
ჯაჭვური რეაქციის მსგავსად, ზარალს განიცდის ვაჭრობის ის სეგმენტიც, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ჩინელებს შორის. სწორედ კორონავირუსის პრობლემის გამო ვერ ეწვია მილანის ცნობილ „ფეშენვიქს“ ათასობით მყიდველი ჩინეთიდან. არადა, 2019 წლის მონაცემებით, ჩინეთის მოქალაქეებზე მოდის „ფეშენინდუსტრიის“ მოხმარების 40 პროცენტზე მეტი.
ახალი კორონავირუსის თავად იტალიაში დაფიქსირებულმა შემთხვევებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა როგორც მილანის მოდის კვირეული, ასევე ვენეციის ცნობილი ფესტივალი. დაგეგმილზე ორი დღით ადრე, 23 თებერვალს იგი მოულოდნელად დასრულებულად გამოცხადდა.
ფინანსურ დანაკარგებზე საუბრობს რუსეთის ტურისტული ბიზნესიც. ოფიციალური მოსკოვის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თებერვალ-მარტში ტურისტული კომპანიების მიერ მიღებული ზარალი 40 მილიონ ევროს გადააჭარბებს, ხოლო თუ შეზღუდვები ზაფხულის სეზონზეც გაგრძელდა, ზარალი გაათმაგდება.
24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 77 262 შეადგინა, საზღვარგარეთ ინფიცირებულთა რაოდენობამ - 2 101. კორონავირუსით ჩინეთში გარდაიცვალა 2 595 ადამიანი, საზღვარგარეთ - 24. გამოჯანმრთელდა 24 757.
კორონავირუსი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში, თუმცა ვაქცინის შექმნას შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს.
წყარო: "რადიო თავისუფლება"


